- Advertisement -

ფოთში საფეხბურთო სკოლის მოედანი ყოველი წვიმის დროს იტბორება

ფეხბურთის აკვნად აღიარებულ ქალაქში, ერთადერთი საფეხბურთო სკოლა სავალალო მდგომარეობაშია. მოშლილია ინფრასტრუქტურა, სათამაშო მოედანი ყოველი წვიმის დროს იტბორება. სკოლაში 200-დე ბავშვი დადის, მშობლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„ასეთი მდგომარეობა არცერთ რეგიონში და არცერთ ქალაქში არ არის. ელემენტარულად, ნორმალური გამოსაცვლელი ოთახი არააქვთ ბავშვებს, საშხაპეებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ცოტას რომ მოწვიმს პრაქტიკულად წყალბურთს თუ ითამაშებენ თორემ ფეხბურთის სათამაშო პირობები აქ არ არის“_ აღნიშნა ერთერთმა მშობელმა ავთანდილ ესაკიამ.

საფეხბურთო სკოლის მენეჯერის, კახა ეფრემიძის განცხადებთ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო ბავშვების რაოდენობამ. მისი თქმით პერსპექტიული მოთამაშეები მშობლებს თბილისის ან მარტვლის საფეხბურთო სკოლებში გადაჰყავთ:

„საფეხბურთო სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურა 80-იან წლებს შეესაბამება, 21 -ე საუკუნესთან მიახლოებულიც არაა. სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშეა, ყოველი წვიმის დროს, რომ არ დაიტბოროს, მიწა რამდენიმე სანტიმეტრით არის ასამაღლებელი. ჭიშკარი ვიზუალურად სამამულო ომის დროინდელს გავს. ყველამ კარგად იცის აქაური მდგომარეობა, ეს არის ადგილი სადაც მომავალი თაობა იზრდება“.

ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის მოადგილის, ბექა გუგუშვილის განმარტებით, აღნიშნულ პრობლემაზე, ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს:

„საფეხბურთო სკოლის ბაზის მოწყობა, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ქალაქის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი ბიუჯეტის სიმცირის გამო, ვერ შესძლებს დამოუკიდებლად ამ პრობლემის მოგვარებას. აქედან გამომდინარე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფეხბურთის ფედერაციასთან და უახლოეს პერიოდში ველოდებით მათ გადაწყვეტილებას“.
ფოთს საფეხბურთო სკოლა 2006 წლიდან ფუნქციონირებს.

Comments
Loading...