- Advertisement -

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2018 წლის პროექტები და პრიორიტეტები – ინტერვიუ გიორგი დონაძესთან

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი – ამ სახელით დაწესებულება 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობა მრავალმხრივია: ქართული ხალხური მუსიკა, საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

2014 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ახალი მენეჯმენტით მუშაობს. ამავე წლიდან დაიწყო უამრავი ახალი პროექტის განხორციელება. 

„აიპრესთან“ ინტერვიუში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ მიმდინარე წლის პროექტებსა და ცენტრის პრიორიტეტებზე ისაუბრა. 

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სალოტბარო სკოლებია. ამჟამად მთელ საქართველოში 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.
„ჩვენთვის, ახალი მენეჯმენტისთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კი გავხსენით. 2018 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება" – განაცხადა გიორგი დონაძემ.

როგორც გიორგი დონაძე „აიპრესთან“ აცხადებს, ფოლკლორის ცენტრში ქართული ტრადიციული გალობის მიმართულება ახალია. სწორედ ამ მიმართულების გასაძლიერებლად გაციფრდა გალობის სანოტო ჩანაწერები. 

,,დღეისათვის დაახლოებით 30 000 გვერდი დასკანერდა. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია – თითოეულ ფურცელს ხელნაწერთა ინსტიტუტსა და ეროვნულ არქივში უმაღლესი ხარისხის აპარატურით იღებენ. 25 600 გვერდი უკვე გადაღებულია, რასაც დიდი დრო და ფინანსები დასჭირდა. რადგან მთლიან მასალას ერთბაშად ვერ გამოვცემდით, შევქმენით ვებ-გვერდი, რათა დასკანერებული მასალა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, როგორც ქართველებისათვის, ისე უცხოელთათვის. დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ ნახონ, როგორია ეს ხელნაწერი“, – განაცხადა გიორგი დონაძემ.

შემდეგი პროექტი, რომელიც წელს განხორციელდება ანთოლოგიის გამოცემაა. ამჟამად გამოცემულია ორი ტომი. საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასთან" ერთად კიდევ 8 ტომი გამოიცემა. 

„ანთოლოგიის ათტომეულში ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ. გამოცემაზე მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ კონსერვატორიიდან და ფოლკლორის ცენტრიდან. კოლოსალური სამუშაოა, ყოველი ტომი 700-800 გვერდიანია და თანაც უნიკალური“ – განაცხადა გიორგი დონაძემ. 

ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ერთ-ერთ პრიორიტეტად ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს მიიჩნევს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. 

,,ფესტივალები სულ ტარდებოდა ფესტივალის, დათვალიერებისა თუ ოლიმპიადის სახით. ფესტივალი რეგიონებისათვის სტიმულის მიმცემია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფოლკლორის შენარჩუნება-პოპულარიზაციისათვის. ბოლო ფესტივალის ფარგლებში უნიკალური ნიმუშები ჩაიწერა და დაარქივდა.

ფესტივალი არ არის გასართობი, საკონცერტო სანახაობა, რომელსაც დავესწრებით და ტაშს დავუკრავთ. ის უფრი მომავალი თაობებისთვისაა გამიზნული, თანაც ყოველმა ფესტივალმა სიახლე უნდა აჩვენოს. დათვალიერება-ფესტივალის ფარგლებში საუკეთესოებს ვაჯილდოვებთ. საკმაოდ სოლიდური ფულადი პრემიები მივეცით გამარჯვებულებს, რაც დიდი სტიმული იყო მათთვის. 2019 – 2020 წლების ფესტივალზე ისევ კოლოსალური მასალა მოიყრის თავს ფოლკოლრის ცენტრის არქივში" – განაცხადა გიორგი დონაძემ. 

სწორედ ამ მენეჯმენტის დროს დაარსდა საქართველოში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ფესტივალი ხელმისაწვდომი და საინტერესოა მოსახლეობისთვის, ამიტომ მსმენელიც ყოველთვის ჰყავს. 

„საერთაშორისო ფესტივალი ჩვენ დავაარსეთ. ორჯერ ჩავატარეთ – 2016 და 2017 წელს. ეს არაა ადვილი, ჩამოიყვანო ფოლკლორული ჯგუფები, თანაც ამდენი. საერთაშორისო ფესტივალს თავისი მაყურებელი ჰყავს საქართველოს მოსახლეობისა თუ ტურისტების სახით. თანაც ბილეთის ფასი დაბალია. ფესტივალის მონაწილე ფოლკლორული ჯგუფები ჰონორარს არ ითხოვენ. მათი მგზავრობა საელჩოებმა უზრუნველყვეს. ჩვენთვის ეს დიდი მხარდაჭერა იყო. მომავალი ფესტივალი 2019 წელს გაიმართება“ – განაცხადა გიორგი დონაძემ. 

ამ წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტი – ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრია. როგორც გიორგი დონაძე აცხადებს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა დასავლეთ საქართველოში გამოაცოცხლებს ოზურგეთს. 

,,ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა, მუზეუმთან ერთად, 1 300 კვადრატული მეტრია: თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა, ადმინისტრაცია. ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისათვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრია. დასავლეთი საქართველო უნდა გამოცოცხლდეს. გამოფენებმა და კონცერტებმა თბილისიდან იქ უნდა გადაინაცვლოს. ახლა ოზურგეთში თეატრი რემონტდება, ოზურგეთს ეს ძალიან წაადგება“ – განაცხადა გიორგი დონაძემ. 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მალე საკუთარი საკონცერტო დარბაზი ექნება, ხმის ჩამწერი სტუდიით, დარბაზის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება. 

„უნიკალური სცენაა, ვახტანგ ჭაბუკიანის ინიციატივით შექმნილი – ოპერის სცენის ასლი. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ძალიან ლამაზი დარბაზი ექნება – იზოლაციისა და ხმის ჩაწერის თანამედროვე სისტემით. რემონტი წლის ბოლოს დასრულდება. 

2018 წელს ჩატარდება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის ყოველწლიური საღამო. ამაზე ქალბატონი ეთერ თათარაიძე მუშაობს. საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასთან“ ერთად ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები დაიბეჭდა. ქალბატონი ეთერი ცდილობს ყოველწლიურად განსხვავებული საღამო ჩაატაროს, რაც ადვილი არაა“ – განაცხადა გიორგი დონაძემ. 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტმა მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის ოთხ დარგში სამეტაპიანი კომპლექსური ექსპედიცია ჩაატარა. უახლოეს მომავალში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ექსპედიციის შედეგები გამოიცემა. 

,,აპრილის ბოლოს შუახევის კომპლექსური ექსპედიციის შედეგები და დავით ჯავრიშვილის ქართული ხალხური ცეკვის მეორე ტომი გამოიცემა. ქართული ხალხური ცეკვის მესამე ტომზე მუშაობა გრძელდება. ძნელი სამუშაოა. ერთი-ორი წელი მაინც სჭირდება გამოცემის მომზადებას" – განაცხადა გიორგი დონაძემ.

ამავე წელს დაგეგმილია ფოლკლორული ანსამბლების ცნობარის შედგენა, რომლის მეშვეობით ტურისტები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას.

"ცნობარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით დავარიგებთ ტურისტულ ზონებში (ე.წ. ჰორეკას ქსელში). უცხოელები ინფორმირებული იქნებიან, რომელ რეგიონში რომელი ანსამბლია, ეცოდინებათ საკონტაქტო ნომრები, მისამართები, რაც ხელს შეუწყობს ფოლკლორის პოპულარიზაციას“ – განაცხადა გიორგი დონაძემ.

Comments
Loading...