- Advertisement -

“ქალის ხმა იგებს არჩევნებს!”- ამ სახელწოდებით მცხეთობის დღესასწაულზე საინფორმაციო აქცია გაიმართა

"ქალის ხმა იგებს არჩევნებს!" – ამ სახელწოდებით მცხეთობის დღესასწაულზე საინფორმაციო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და განუმარტეს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩართულობისა და ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ. ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საინფორმაციო ცენტრთან შეკრებილი მცხეთელები და სტუმრები არჩევნებში ქალის როლის მნიშვნელობის შესახებ თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

„აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. საინფორმაციო აქციები ჩატარდა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, სახალხო დღესასწაულებზე. ასევე, ჩავატარეთ ბაზრებშიც, რომელიც ის ადგილია, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იყრის თავს, განსაკუთრებით რეგიონებში და რომელიც შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელების არაჩვეულებრივი საშუალებაა. სხვადასხვა ქალაქებში სულ 20 საინფორმაციო აქცია ჩავატარეთ. აქციები გავმართეთ მარნეულის და გარდაბნის კვირის ტრადიციულ ბაზრობებზე ეთნიკური აზერბაიჯანლებისთვის და ბაზარში, სადაც ბოშები ვაჭრობენ,“ – განაცხადა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ მენეჯერმა ინგა ალავიძემ.

საინფორმაციო აქციები პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
 

Comments
Loading...