- Advertisement -

“ქალის ხმა იგებს არჩევნებს!“ საინფორმაცია აქცია “რუსთავქალაქობის” დღესასწაულზე

„ქალის ხმა იგებს არჩევნებს!“ – „რუსთავქალაქობის“ დღესასწაულზე ამ ფრაზას ხშირად გაიგონებდით.

საქმე ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ქვემო ქართლის გენდერის მედიაცენტრმა რუსთავის პარკში, სადაც „რუსთავქალაქობის“ ტრადიციული დღესასწაული გაიმართა საინფორმაციო აქცია „ქალის ხმა იგებს არჩევნებს!“ გამართა. პარკში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სადღესასწაულოდ მისულ რუსთაველებსა და სტუმრებს დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და დეტალურად ესაუბრნენ არჩევნებში ქალთა მონაწილეობისა და ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ.

„იმდენი პრობლემები გვაქვს ქალებს, მოვიდნენ, მოგვისმინონ, გაგვაცნონ თავიანთი პროგრამები, ლოზუნგების აღარ გვჯერა, საქმეზე გვესაუბრონ და რაც მთავარია, შეასრულონ დანაპირები…“

„შშმ ვარ, წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე, ძალიან ვღელავ, როგორ მივალ, იქნება თუ არა მოწყობილი უბანი ისე, რომ მე, როგორც შშმ პირმა დამოუკიდებლად გავაკეთო არჩევანი, ვნახოთ… ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ხმას ვის მივცემ… კარგად დავფიქრდები და მივიღებ გადაწყვეტილებას… ჩემი პირველი არჩევნებია და არ მინდა

იმედგაცრუებული დავრჩე…“

„ქალების ხმა იგებს არჩევნებს?! მართლა გჯერათ რომ ასეა?!..“

„უნდა ავირჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ პრობლემებს მოაგვარებს…“

აქციის ორგანიზატორებსა და პარკში მყოფ მოსახლეობას შორის მიმდინარე დისკუსიისას ასეთ და მსგავსი ტიპის განცხადებებს მოისმენდით მოსახლეობისგან.

საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

საინფორმაციო აქცია „ქალის ხმა იგებს არჩევნებს!“ უკვე გაიმართა ქუთაისში, რობი კუხიანიძის კონცერტზე, ბათუმში „აჭარა პიკნიკ ფესტივალი-2017“-ზე, შეკვეთილში ნინო ქათამაძის კონცერტზე, წერაქვში მუსიკალურ ფესტივალზე „ერთიანი კავკასია“ და გორში, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე.

საინფორმაციო აქციები გაგრძელდება და ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე.
 

Comments
Loading...