- Advertisement -

ქართული სეინერების მეპატრონეებმა ფოთში აქცია გამართეს

ქართული სეინერების მეპატრონეებმა და მეთევზეებმა ფოთის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრო სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას და ელექტრონული ჟურნალის შექმნას ითხოვს. მეთევზეების თქმით ახალი რეგულაციის შესრულებას ამ სეზონზე ვარ ასწრებენ.

„დაგვიანებით მივიღეთ მთავრობის დადგენილება ვიდეო მონიტორინგის შესახებ, ვერ ვასწრებთ ამ სეზონზე ამის გაკეთებას, რადგან დაიწყო უკვე თევზჭერის სეზონი, ამიტომ ვითხოვთ მთავრობისგან ეს გადაიტანონ ერთი წლით. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გვინდა გავარკვიოთ. ახალი რეგულაციის მიხედვით თევზჭერის დროს ინტერნეტმა თუ არ იმუშავა, უნდა მივატოვოთ ყველაფერი და უკან დავბრუნდეთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული“_ განაცხადა ვახტანგ ქავთარაძემ.

მეთევზეები ფოთის მერის მოადგილეს ნიკოლოზ გრიგოლიას შეხვდნენ და მას გარემოს დაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობა სთხოვეს.

მერის მოადგილემ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

Comments
Loading...