- Advertisement -

ქედაში 17 მაისს ტრადიციული ღონისძიება “ფრიდონობა” გაიმართება

ქედაში 17 მაისს ტრადიციული ღონისძიება, „ფრიდონობა“ გაიმართება, თუმცა, ამჯერად ოჯახის წევრთა, მუზეუმის მესვეურთა და თანამედროვე მწერალთა ინიციატივით მნიშვნელოვნად განსხვავებული ფორმატი ელოდება ფრიდონობის დამსწრე საზოგადოებას.

კერძოდ, ღონისძიება მოკლებული იქნება სიტყვით გამომსვლელთა ერთფეროვან პათოსს; მთავარი აქცენტი გაკეთდება ფრიდონ ხალვაშის შემოქმედების ახლებურ გააზრებასა და წარმოჩინებაზე ,,ფრიდონობის" ფარგლებში ჩატარდება: ლიტერატურული კომპოზიცია, სოფელში მოეწყობა ტურისტული ჰაბი, კარვების ქალაქი, მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე, ჩატარდება ნახატების გამოფენა, დამზადდება და გამოიფინება ფრიდონ ხალვაშის მოღვაწეობის და შემოქმედების ამსახველი სპეციალური პოსტერები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის გაიმართება კინოჩვენება, კარვების ქალაქში ჩატარდება ახალგაზრდების პოეზიის საღამო კოცონთან.

„ფრიდონობა“ წარმოადგენს სახალხო დღესასწაულს, რომელიც პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელს უკავშირდება. ღონისძიება მწერლის სიცოცხლეში დაარსდა და უკვე 11 წელია, ტრადიციულად, ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება თავს იყრის სოფელ გეგელიძეებში, სახელოვანი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ფრიდონ ხალვაშის მშობლიურ კერასთან, სადაც დღეს მისივე სახელობის სახლ-მუზეუმია გახსნილი.

ქედის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით იმართება, რომელსაც ორგანიზებას აჭარის მწერალთა კავშირი, ლიტერატურული კლუბი, ორგანიზაცია ,,კავკასიონი" და ქედის კულტურის ცენტრი უწევს!

Comments
Loading...