- Advertisement -

ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორაციო კამპანია იწყება

ქვემო ქართლში სახელმწიფოს რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია დაესწრო.

საინფორაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობას ითვალისწინებს. მისი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ, მისთვის გასაგებ ენაზე, მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. 

საინფორმაციო კამპანია 11 ივნისს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყება, სადაც საზოგადოებას სოფლის მეურნეობის პროექტებს გააცნობენ. 13 ივნისს მასში დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან. ჯამში კი, კამპანიის ფარგლებში, დმანისის, ბოლნისის, წალკის, გარდაბნის, მარნეულისა და რუსთავის მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეძლებათ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამის შესახებ.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებულობისა და ქვეყნის ცხოვრებაში მათი თანაბარი და სრულფასოვანი მნაწილეობის უზრუნველსაყოფად დროში გაწერილი თემატური გეგმაა შემუშავებული.

„სახელმწიფო ენის არაჯეროვანი ფლობა არის ის მნიშვნელოვანი ბარიერი, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. ამ პირობებში, სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე, რაც გათვალისწინებულია კიდეც როგორც სახელმწიფო პოლიტიკაში, ასევე ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში. 

„წლის დასაწყისში გუბერნიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე სარგებელთან დაკავშირებით. ასევე ოჯახში ძალადობასთან და ადრეულ ქორწინებასთან მიმართებაში. ახლა კი მათ სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას“, – გააცხადა ლაშა დარსალიამ.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში მარიამ გვიდიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღნიშნული საინფრმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაწილეობით ხორციელდება.

ქვემო ქართლის შემდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში, მათ შორის პანკისის ხეობაში აქტიურად გაგრძელდება.
 

Comments
Loading...