- Advertisement -

ქობულეთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

ქობულეთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა. თათბირის დაწყებამდე მირიან ქათამაძემ კოლეგებს ა(ა)იპი „ქობულეთის სოფლის წყლის“ ახალი დირექტორი, სულიკო თხილაიშვილი წარუდგინა.

„ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნდობას ვუცხადებ ბატონ სულიკოს. მჯერა იგი თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას და უმაღლეს დონეზე გამოავლენს მენეჯერულ უნარებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მენეჯმენტისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ სულიკოს. რაც შეეხება ბატონ ჯემალს – იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოფლის წყალს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ბატონი ჯემალი კვლავ ჩვენი გუნდის წევრად რჩება და გააგრძელებს საქმიანობას აიპში“ – აღნიშნა მერმა წარდგენისას.

თათბირზე მიმდინარე საკითხებთან ერთად ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს გარე ვაჭრობის რეგულაციებზე, უკანონო მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგზე. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ტრანსრეგულირების დირექტორმა მერაბ პაპუნაიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია პირველ და მეორე სამარშუტო ხაზებზე ჩატარებული შემოწმების შესახებ. მისი ინფორმაციით 1 ივნისამდე სამარშუტო ტაქსებში არსებული მდგომარეობა სრულად გამოსწორდება, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მდგომარეობის შესწავლაც. მერი გამოვიდა ინიციატივით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობის შესწავლის პარალელურად მოხდეს სამარშუტო ხაზებისა და ტარიფების გადახედვა, ასევე გრაფიკის დადგენა.

თათბირზე ასევე დაისვა საკითხი დასუფთავების მიმართულებით. მერის მოთხოვნით პლაჟის დასუფთავება ყოველდღიურად განხორციელდება, ასევე გამკაცრდება სანქციები სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე, ასევე პირუტყვის ქუჩაში გადაადგილებასთან დაკავშირებით.

თათბირის ბოლოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისებების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. 

Comments
Loading...