- Advertisement -

ქობულეთში დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

ამ წუთებში ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება. ადგილობრივი ანსამბლები, შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ. სცენაზე პატრიოტული სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. 

სიმბოლურად 17:10 საათზე 100 წლის წინანდელი მოვლენის – დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ პატარებთან ერთად ჰაერში 100 ცალი საჰაერო ბუშტი გაუშვა. შემდეგ მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა საზოგადოებას სცენიდან მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მთელი დღის განმავლობაში საზეიმოდ მორთულ ქალაქის მოედანზე სივრცეები სხვადასხვა აქტივობებისთვის იყო გამოყოფილი. მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი წარმოადგინეს, ასევე საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და საკონდიტრო ნაწარმი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, პეტრას ციხეზე სახელმწიფო დროშა აღიმართა, მუზეუმში ალეკო ლომაძის პერსონალური გამოფენა „თავისუფლების ფასი“ გაიმართა, ასევე მოეწყო სპორტული შეჯიბრებები კალათბურთსა და მინი ფეხბურთში.

Comments
Loading...