- Advertisement -

ქობულეთში ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციაში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაციაში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო. ეს გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ერთი კვირის წინ მიიღო, როდესაც ტურისტული სეზონის დადგომამდე, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა. 

მაია ცქიტიშვილი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაოს დასრულების კონკრეტული გეგმა-გრაფიკი მოითხოვა. 

იმისთვის, რომ საზაფხულო სეზონის დადგომამდე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულება მოესწროს, 1 მაისიდან სანაპიროს და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ჩართვა გადაწყდა.

ქობულეთში, განახლებული სამუშაო პროცესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. ზურაბ პატარაძის თქმით, ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

Comments
Loading...