- Advertisement -

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდანვე განახლდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდანვე განახლდა,- ამის შესახებ ინფრომაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები პრობლემურ უბნებზეა გასული. დამეწყრილი შიდა სასოფლო გზების გასაწმენდად 17 ერთეული ტექნიკა იმუშავებს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით სტიქიის შედეგად ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზები მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და ხალაში. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, 2 ოჯახი გასახლებულია. მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი. წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ციხისძირის, ბუკნარის, ხუცუბნისა და ლეღვას მოსახლეობას. 

Comments
Loading...