- Advertisement -

ქობულეთში, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

კულტურის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ნინო ნოღაიდელი, „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებელი ალექსანდრე მწეველიძე და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე გამოვიდა ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამის სამსახურებთან ერთად განხორციელდეს სახელმწიფო და კერძო საზოგადოებრივი ობიექტების მონიტორინგი, რომლის შემდეგაც შემუშავდება გეგმა ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად.

"ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შშმ პირებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიზრუნოთ იმისთვის რომ სრულად მოხდეს მათი საზოგადოებაში ადაპიტირება და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. ვფიქრობ სავალდებულოა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია და მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, რადგან სავალდებულოა თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სახელმწიფო პროექტების განხორციელების პარალელურად კერძო სექტორმაც იზრუნოს გარემოს ადაპტირებაზე, ასევე მნიშვნელოვანია სამომავლოდ შშმ პირთა ჩართულობით რაც შეიძლება მეტი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდეს“ – აღნიშნა მერმა საუბრისას.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო მუნიციპალიტეტში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. საბჭოს მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა. საბჭო მერიის სხვადასხვა სამსახურის, არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისაგან არის დაკომპლექტებული. 

Comments
Loading...