- Advertisement -

ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფო: ნათესავებს ჩაბარდათ მათ მიერვე იდენტიფიცირებული გარდაცვლილი

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი” მიცვალებულების არევის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

“სამწუხაროდ თემა, რომელსაც გვინდა შევეხოთ, სხვადასხვა საშუალებებიით გახდა არაჯანსაღი განხილვის თემა, რაც მინიმუმ არ არის სწორი, ვინაიდან ასეთი დამოკიდებულებით, პირველ რიგში შეურაცყოფთ გარდაცვლილს და მათი ოჯახის წევრებს. მეტი განმარტება ამ თემაზე კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან არ გაკეთდება. საკითხი ეხება გარდაცვლილი პაციენტების ერთმანეთში არევის ფაქტს და ამ კუთხით სამედიცინო დაწესებულების როლს.

პირველ რიგში ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ პაციენტების ჯანმრთელობის სიმძიმისა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა. ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკას მიცვალებულები ერთმანეთში აერია არ ვადასტურებთ. კლინიკა არ არის გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების განმხორციელებელი იურიდიული პირი. გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპოტრიტების ორგანიზებას საკუთარი ხარჯებითა და ძალებით, მათ შორის გადადგილების განმხორციელებელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას და ამავე სატრანსპორტო საშუალებაზე გარდაცვლილის პანაშვიდებისათვის განკუთვნილი ადგილის, კონკრეტული მისამართის მიცემა – მითითებას ახორციელებენ გარდაცვლილი პაციენტის პირველი, მეორე რიგის ან/და სხვა რანგის ნათესავები.

სამედიცინო დაწესებულება, ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში უზრუნველყოფს გარდაცვლილის იდენტიფიცირებისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმატივების უზრუნველყოფას, ხოლო ნათესავთა წრე, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის გვამის განთავსების ოთახში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას. კლინიკის თანამშრომლისა და სანათესაო წრის მხრიდან გარდაცვლილის ერთობრივი იდენტიფიცირების პროცედურების დასრულების შემდგომ, კლინიკისა და გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობით, გვამის განთავსების ოთახში, მორიგ პროცედურად ხორციელდება, გარდაცვლილი პაციენტის შესაბამის განსასვენებელ საშუალებაში მოთავსება, სათანადო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა და მიცვალებულის პატრონზე გადაბარება. ამის შემდგომ, კლინიკის შესაბამისი თანამშრომლის ზედამხედველობით, ნათესავების მიერ ხორციელდება, მიცვალებულის გვამის ოთახიდან, საკუთარი ორგანიზებით დაქირავებულ ტრანსპორტში მიცვალებულის ჩასვენება. ნათესავებს ბარდებათ მათთან ერთად იდენტიფიცირებული გარდაცვლილი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ნათესავებს ჩაბარდათ მათ მიერვე იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. აქ მთავრდება სამედიცინო დაწესებულების უფლება – მოვალეობები. გარდაცვლილის სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიიდან შემდგომი ტრანსპორტირების განხორციელება, პანაშვიდებისათვის განკუთვნილი მისამართის სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე მითითება და სხვა ორგანიზაციული საკითხები, ნათესავთა წრის კომპეტენციაა. სამედიცინო დაწესებულების მიერ მოპოვებული და არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილების პანაშვიდები ხორციელდებოდა 5 – 7 დღის განმავლობაში.

მათ შორის ერთი გარდაცვლილი იქნა დაკრძალული, ხოლო მეორე გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა მიცვალებულის დაკრძალვის დღეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს სხვა დაზუსტებული გარემოებები, რომელიც არის პერსონალური ხასიათის და შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც კლინიკა, გარდაცვლილი ოჯახის წევრების
ინტერესებიდან გამომდინარე არ გეგმავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...