- Advertisement -

ქუთაისის მერიის შპს “პარკინგსერვისს” უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ირწმუნება, რომ პარკინგსერვისი მოქალაქეებს ჯარიმებს უსამართლოდ უზრდის.

გოგი წულაიას თქმით, "პარკინგსერვისი", რომელიც გასულ წელს შეიქმნა, მოქალაქეებს ავტომობილის არასწორი გაჩერების გამო აჯარიმებს, ერთდღიანი გადაცილების პირობებში კი მათ გაათმაგებულ ჯარიმას უწერენ.
 
"ჯერ ბაზაც ვერ მოაწესრიგეს და მოქალაქის ნაცვლად ავტომობილს აჯარიმებენ, მერე ეძებენ მისამართებს და მიაქვთ ეს ჯარიმები. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს დაავიწყდა გადახდა, ჯარიმებს საკუთარი სურვილის მიხედვით უზრდიან.
 
არ არსებობს კანონი, რომლითაც ისინი მოქმედებენ. ერთ-ერთი მოქალაქე 10 ლარით დააჯარიმეს, დაავიწყდა გადახდა და მეორე დღეს 300 ლარიანი ჯარიმა მიუვიდა სახლში. ეს არის თაღლითობა, რომლის უკანაც დგანან ქალაქის ხელმძღვანელი პირები.
 
ყველამ იცის, რომ 400 000 ლარზე მეტი ჩაიდეს ჯიბეში ქალაქის მერმა და "პარკინგსერვისის" მმართველმა და ასე აგრძელებენ ადამიანების ხარჯზე გამდიდრებას", -განაცხადა გოგი წულაიამ.
 
წულაიას თქმით რამდენიმე თვის წინ სარჩელით მიმართა პროკურატურას, მაგრამ პროკურატურა აღნიშნული საკითხით არ დაინტერესებულა.
Comments
Loading...