- Advertisement -

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. რესურსცენტრის უფროსი უფროსის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლის მშობლის წერილის საფუძველზე შევიდნენ და სკოლა გუშინვე დატოვეს.

"თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია და შემდეგ სკოლაში გადავამოწმე, როგორც მათ მითხრეს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გუშინვე წავიდნენ კმაყოფილები. მათ სკოლაში რაიმე დოკუმენტი, რაც დარღვევას დაადასტურებდა, არ აღმოუჩენიათ. შესაძლოა, მოკვლევა ისევ გაგრძელდეს"-განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.

ვაშაკიძე არ უარყოფს სკოლებში რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ცალსახად კანონდარღვევა არ არის. მისივე თქმით არასწორია იმაზე საუბარი, რომ მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს მათთან დამატებით მომზადებას ავალდებულებენ.

"ამის ფაქტი არ გვაქვს, ამიტომ ამას ვერ დაგიდასტურებთ. თუმცა ფაქტია, რომ პედაგოგების უმრავლესობა ბავშვებს ამზადებს. ეს კანონდარღვევა არ არის, ეს არის ქვედა დინება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, სასურველი იქნებოდა, რომ ხდებოდეს აღრიცხვა, რომელი რეპეტიტორი რამდენ ბავშვს ამზადებს. ხდება ისეც, რომ რეპეტიტორები მოსწავლეებს საგაკვეთილო პერიოდშიც იბარებენ, რაც სკოლის სასწავლო პროცესს ანგრევს. ვცდილობთ, დაფიქსირდეს ის მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესის დროს ამზადებს მოსწავლეებს, გაკვეთილს უნიშნავს თავის სახლში თუ ნაქირავებ ოთახში, ძირითადად, ეს ხდება მეთორმეტეკლასელების შემთხვევაში. ამის საწინააღმდეგოდ გავამკაცრეთ სკოლაში დასწრების აღრიცხვა", -განაცხადა ვაშაკიძემ.

ცნობისთვის, ემიგრანტი მშობელი ლელა თოლორდავა სკოლაში არსებული კორუფციული სისტემის შესახებ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პირადად ესაუბრა, რომელიც დაპირდა რომ პრობლემის მოგვარებას მისივე შვილების სკოლიდან დაიწყებდა.

Comments
Loading...