- Advertisement -

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოზციაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ქუთაისის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამარჯვების ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია აირჩიეს. ირაკლი შენგელია 2019 წლის დეკემბრიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

 

 

„მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს, პარტია ქართულ ოცნებას, ჩემს კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემთის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ჩემი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე და მათ მიერ თვითმმართელობის არჩევნებზე გამოხატული მხარდაჭერა არის ამის საფუძველი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი მთავარი ამოცანაა ამ ნდობის გამართლება.

ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას საკრებულოს ინსტიტუციური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის გაცხადებული პრიორიტეტები არის ღია და გამჭვირვალე მმართველობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეების ჩართულობა და მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისი პოლიტიკის წარმართვა. ქალაქის განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი მიზანი და საკრებულოს გუნდთან ერთად, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას.

წინ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა გლობალური პანდემიის სახით, 2021 წელს ამ პროცესს ჩვენ ვხვდებით შეძენილი გამოცდილებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გავუმკლავდეთ პანდემიის შედეგებს. ამ პროცესში მოქალაქეებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.
“-განაცხადა შენგელიამ.

Comments
Loading...