- Advertisement -

ქუთაისს რეკრეაციული ზონების და პარკების გარეშე დარჩენა ემუქრება

ქუთაისში არსებულ თითქმის ყველა პატარა სკვერს განადგურება ემუქრება. კაფე-ბარების, საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობა რამდენიმე სკვერში უკვე დასრულებულია, თუმცა მოსახლეობის აზრით, დარჩენილ პარკებშიც მშენებლობა მალე დაიწყება.

„ბავშვებს სათამაშო ეზო აღარ დარჩათ, მოსასვენებელი ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, თითქმის საუკუნოვანი ხეები მოჭრეს და სკვერის ადგილზე მშენებლობებს იწყებენ, მალე ქალაქში სუფთა ჰაერიც აღარ დარჩება, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მანქანაც ვერ შემოდის, საშინელებაა, იქნებ ვინემ ყურადღება მოგვაქციოს“- აცხადებენ რუსთაველის 95-ე ნომერში მცხოვრებლები.

მათ მსგავსად ქალაქის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე მსგავსი პრობლემებია. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქში მშენებლობების ბუმია, რასაც გამწვანება და ბავშვების გასართობი ტერიტორია ეწირება.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის სადაც სკვერებში მშენებლობები მიმდინარეობს, ნებერთვა ყველა მშენებლობაზე გაცემულია, თუმცა კომპანიებს ხელშეკრულებაში ვალდებულებად უდევთ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ სკვერი მოაწყონ.

ახლად არჩეული საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია კი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის პრიორიტეტული იქნება, მათ აქვთ განაშენიანების გეგმა, რომლის მიხედვითაც სკვერებში მშენებლობა აიკრძალება. ლატარიას თქმით, ახალი საკრებულოს შემადგენლობა მოსახლეობის მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

Comments
Loading...