- Advertisement -

ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სასტუმრო ბილტმორში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს. 

შეხვედრას ქართული მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, ხოლო ყაზახეთის მხრიდან, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი, ვიცე-მინისტრი იერლან კაიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ჭრილში ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, საუბარი შეეხო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელთა განხორციელებაში ინვესტორთა ჩართულობაა შესაძლებელი.

ყაზახურმა მხარემ არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა და რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

დღესვე, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის ჟენის კასიმბეკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა.

Comments
Loading...