- Advertisement -

ჩაისუბნის წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

მალე ჩაისუბანში 1000-მდე ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. „ძალიან მალე ჩაისუბანში კიდევ ერთი პრობლემა გადაიჭრება – მოსახლეობა სასმელ-სამეურნეო წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენი მთავარი საზრუნავია სოფლებში წყალმომარაგება გაუმჯობესდეს და ამ მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. წელს მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. განსაკუთრებულად ვუწევთ მონიტორინგს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თანდათან წყლის რესურსების მოძიების თანამედროვე მეთოდებს ვნერგავთ, რაც ჭაბურღილების მოწყობას გულისხმობს, ასევე სათავე ნაგებობებზე ეტაპობრივად ვამონტაჟებთ წყლის საფილტრ აპარატებს. ვფიქრობ ეტაპობრივად ქობულეთში წყალმომარაგების შეზღუდვების მხრივ პრობლემები სრულიად აღმოიფხვრება“ – აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად მერია 840 000 ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მაგისტრალური ხაზების მოწყობა, ასევე მოეწყობა შიდა ქსელი და მოხდება აბონენტთა გამრიცხველიანება.

გასულ წელს ჩაისუბნის წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი განხორციელდა, რომელიც წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის მოწესრიგებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და წყალშემკრები კაპტაჟები მოეწყო, ასევე აშენდა საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

Comments
Loading...