- Advertisement -

“ჩვენც მოგვისმინონ!”-ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

"ჩვენთან არავინ მოდის და არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემები, ხვდებიან მხოლოდ კაცებს, რომლებიც ქალთა პრობლემების შესახებ არ საუბრობენ. ჩვენი ქალები საჯარო შეხვედრებში ვერ მონაწილეობენ, ამოტომაც ჩვენ ხმას ვერავის ვაწვდით.. არჩევნების დროს კაცებს აძლევენ დაპირებებს და ჩვენ კაცების მითითებით არც ვიცით ვის ვაძლევთ ხმას… მოვიდნენ ჩვენთანაც და ჩვენც მოგვისმინონ… " – აცხადებენ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები, რომლებთან შეხვედრებსაც მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის სამ მუნიციპალიტეტში – მარნეულში, გარდაბანსა და ბოლნისში მართავს.

ამჯერად, შეხვედრა გაიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს, ქესალოსა და აღთაკლიის მინდვრებში მომუშავე ქალებთან.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების როლის და მონაწილეობის ზრდას.

"პრობლემები ბევრი გვაქვს… რომელ ერთზე მოგიყვეთ… ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მინდორში მუშაობაა, დაქირავებულები ვართ… ძალიან ძნელია ზაფხულში, ასეთ სიცხეში მთელი დღე მინდორში ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს… ჩვენი ხმები სჭირდებათ, მაგრამ ჩვენი პრობლემები არავის აინტერესებს…" – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლებს მათი საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა მინდორში შედგა, სადაც ისინი, როგორც დაქირავებული მუშახელი მოსავლის აღებაზე მუშაობენ.

Comments
Loading...