- Advertisement -

ჩიქოვანი: “სირცხვილის კორიდორი“ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ გაჟღერებული ინიციატივა, მეორე ტურის გამართვის დღეს ამომრჩევლისთვის ,,სირცხვილის კორიდორების“ მოწყობასთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივ განზრახვად შეაფასა, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და ადამიანთა ჯგუფები მიმართავენ.

მისი განცხადებით ეს მიუღებელია იმ კულტურისა და ურთიერთობებისთვის რომელიც ზუგდიდში არსებობს.

,,არა მარტო ირაკლი ჩიქოვანი, არა მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, არამედ ზუგდიდელები ვთვლით, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და ადამიანთა ჯგუფი ცდილობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ერთი ჯგუფი დააპირისპიროს მეორე ჯგუფს, ამას სხვას მეტს ვერაფერს ვერ დავარქმევთ, იმიტომ, რომ არჩევნებიც არის და არჩევნებიც, შეჯიბრებითობაც არის და შეჯიბრებითობაც, მაგრამ არის გაცილებით დიდი ღირებულება, რომელიც არის სახელმწიფო და დემოკრატიული პროცესები და ეს მოწოდება კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ნათლად გამოავლენს იმას, რომ ამ არჩევნებთან მიმართებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა შედეგის დადების, მათი ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციის საფუძველი ყოფილიყო ეს არჩევნები. ზუგდიდში ასეთ შესაძლებლობას მე ნაკლებად ვხედავ, თუმცა აქ თვითშემოქმედებასაც კი ჰქონდა ადგილი ზოგ-ზოგიერთი ადგილობრივი პარტიული აქტივისტის თუ ხელმძღვანელის მხრიდან, რომ ისინი ასეთ რაღაცას აპირებენ, მაგრამ ეს არის მიუღებელი იმ კულტურისთვის და იმ ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში გვაქვს“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიის საუკეთესო გამოვლინება იყო, რომელიც ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში.

,,ყურით მოთრეული აქციები, რომლებიც საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციასთან ტარდებოდა პირდაპირ გეუბნებით საზოგადოებაში არ პოულობდა არანაირ გამოხმაურებას და არანაირ მხარდაჭერას. ადამიანებს დღეს ზუგდიდში არ აქვთ არანაირი განცდა, რომ ვინმემ რაიმენაირი არჩევანი მათ მოპარა, ან რაიმე ფორმით მათი არჩევანი იყო დამახინჯებული – ეს არის რეალობა. სირცხვილის კორიდორს მოაწყობენ კი არა ეს არის ძირგამომთხრელი მოღვაწეობა, პირდაპირ ვამბობ – ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და მართლაც სისხლის სამართლის დანაშაული” – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

Comments
Loading...