ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის 2019 წელს 938 მლნ ლარია გამოყოფილი ipressსიახლეები დამატების თარიღი 31 იანვარი, 2019 62 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2018-19 წლების მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით, 2019 წელს 938 მლნ ლარია გამოყოფილი. გზის მშენებლობა მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, სამტრედია-გრიგოლეთის და ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთებზე. ეს პროექტები (ჯამში 77კმ ) ეტაპობრივად, 2019 -2021 წლებში დასრულდება. ხელშეკრულება გაფორმებულია და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე გრიგოლეთი – ჩოლოქის, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის, ხევი – უბისას და უბისა – შორაპანის გზის მონაკვეთებზე. ჯამში 81კმ გზის მშენებლობა 2021-2022წლებში დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს რიკოთის შემოვლითი გზის ჩუმათელეთი-ხევის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებზე და ამ პროექტების (ჯამში 26.3 კმ ) დასრულებაც 2022 წელსაა დაგეგმილი. 2023 წელს შევა ექსპლუატაციაში ბათუმი-სარფის და რუსთავის-წითელი ხიდის მაგისტრალები. ჯამში ეს პროექტები 43კმ-ია და მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 700 მლნ ლარია. „რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალების ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებას, ლარსი-სადახლოს მონაკვეთზე დაგეგმილია 100 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა. წელს დაიწყება სამუშაო შემდეგ მონაკვეთებზე: ალგეთი – სადახლო, ნატახტარი – ჟინვალი, ფასანაურისა და არშა – სტეფანწმინდას შემოვლითი, ასევე სტეფანწმინდა – გველეთის გზები. როცა მაგისტრალებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ ქვეშეთი-კობის 22.7კმ-იან მონაკვეთს, რომელიც მოიცავს 9 კმ-იან უნიკალურ გვირაბს. რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეკონომიკურად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტმა კლიმატურად რთულ გზაზე ოთხსეზონიანი მოძრაობა უნდა უზრუნველყოს“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩქაროსნული მაგისტრალები ევროპის TEN-T ქსელის ნაწილი ხდება, რაც მნიშვნელოვანია ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. მაგისტრალებიმაია ცქიტიშვილიჩქაროსნული