- Advertisement -

ცქიტიშვილი: სამინისტროში განხორციელებული სისტემური ცვლილებები წლების განმავლობაში დაგროვებულ ბევრ პრობლემას მოაგვარებს

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავებულ სისტემურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

„იმისათვის, რომ პროექტები უკეთესად, ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს, ასევე თავიდან ავირიდოთ კორუფციული რისკები, წინა წლის განმავლობაში გავაკეთეთ ფუნქციური ანალიზი. გავაძლიერეთ რამდენიმე მიმართულება, მათ შორის – პროექტების მართვა, შიდა მონიტორინგი, საერთაშორისო შესყიდვები, დონორებთან ურთიერთობა, საინჟინრო -ტექნიკური, გარემოს დაცვითი და სოციალური სფერო… გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ისინი მზად არიან დაგვეხმარონ ტრენინგების კუთხით ან კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში. ასევე, მოავლინონ ექსპერტები, რომლებიც იმუშავებენ ჩვენს სტრუქტურაში და გაგვიზიარებენ გამოცდილებას,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, უკვე დასრულებულია პრობლემების იდენტიფიცირება და სისტემატიზაცია, რაც გაკეთდა იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს ის პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გვარდებოდა.

„შევცვალეთ კონტრაქტორებთან ურთიერთობის პრაქტიკაც. ტენდერების გამოცხადებამდე ვატარებთ აქტიურ შეხვედრებს დაინტერესებულ კომპანიებთან და დღეს გვაქვს ის ვითარება, რომ ბევრი ახალი კომპანია შემოვიდა, ყველას აქვს თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე, რაც ამცირებს კორუფციულ რისკებსაც. გარდა ამისა, უკეთესი პროგნოზირებისთვის შემოვიღეთ ერთიანი სტანდარტები სატენდერო დოკუმენტაციებთან მიმართებაში, რაც ყველასთვის თამაშის ერთიან წესებს ადგენს,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება პროექტების შესრულებაზე, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩაბარების ვადებსა და ხარისხზე.

Comments
Loading...