- Advertisement -

ცხოვრება მუდმივი შიშის ქვეშ ავარიულ შენობაში – ფოტორეპორტაჟი ხობიდან

ხობის მუნიციპალიტეტში კოსტავას 6 ნომერში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დანგრევის პირასაა. გაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი და დაზიანებული იატაკი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რა პირობებშიც უკვე წლებია რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობის მეორე სართული სრულად ამორტიზებულია, რაც საფრთხეში პირველი სართულზე მცხოვრებლებს აგდებს.

“დაახლოებით 30 წელია აქ ვცხოვრობთ. დღითიდღე მძიმდება სიტუაცია. ყველა კედელი გაბზარულია, შენობას სახურავიც ახადა ქარმა. სიცოცხლე საფრთხეში გვიწევს. 34 წლის შვილი გარდამეცვალა და სხვის სახლში დავიტირე. იმის პირობა არ მქონდა შვილი საკუთარ სახლში მეტირა. დახმარების მოთხოვნით არაერთხელ მივმართეთ როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატს. ალტერნატიული ფართი შემოგვთავაზეს, შენობა, სადაც ბაღი იყო განთავსებული და 2017 წელს იმ მიზეზით დაკეტეს, რომ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. თუ მაშინ არ აკმაყოფილებდა, ახლა დააკმაყოფილებს? ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთ – ესეა ჩვენი ბედი. შემოთავაზებულ შენობაზე უარი ვთქვით, რადგან იქაც მძიმე მდგომარეობაა და აქაც. ვითხოვთ დახმარებას,”-აცხადებს ავარიულ შენობაში მცხოვრები.

როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია აცხადებს, შენობა სადაც ამჟამად 4 ოჯახი ცხოვრობს მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მერიამ იქ მცხოვრებ ოჯახებს ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რაზეც მათ უარი იმ პირობით თქვეს, რომ ქალაქიდან შორსაა.

ფოტოზე: შეთავაზებული ფართი

“ნამდვილად მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ მოვიძიეთ ფინანსები და გვსურდა შენობა გადაგვეხურა, თუმცა მოვიდა სამხარაულიდან ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა ავარიულია. ამიტომ იქ მცხოვრებლებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი, რაზეც უარი თქვეს. ახლა ვცდილობთ მოვიძიოთ ინვესტორი, რომელიც ოჯახებს დააკმაყოფილებს,”-აცხადებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი.

მანამ, სანამ მერია ინვესტორის ძებნაშია, ხობში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ ავარიულ შენობაში მოსახლეობა შიშის ქვეშ ცხოვრებას აგრძელებს.

Comments
Loading...