- Advertisement -

წელს, ხულოს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩატარდება

ხულოს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს არ ჩატარდება. როგორც ხულოს რესურსცენტრის უფროსი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი, იმ შენობის რეაბილიტაციაა, სადაც ეროვნული გამოცდები ტარდება.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ტარდებოდა. ედუარდ მიქელაძის განცხადებით, აღნიშნულ სკოლას რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, ხულოში საგამოცდო ცენტრი არ გაუქმებულა, უბრალოდ გამოცდები მხოლოდ წელს არ ჩატარდება, საერთოდ გაუქმდება თუ არა, საგამოცდო ცენტრი ხულოში, ეს სამომავლო საკითხია.

"ხულოში საგამოცდო ცენტრი არ გაუქმებულა, უბრალოდ იმ შენობას, სადაც გამოცდები ტარდებოდა რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, ამიტომ, მხოლოდ წელს ვერ მოხერხდება გამოცდების ჩატარება, თუმცა საერთოდ გაუქმდება თუ არა ხულოში საგამოცდო ცენტრი, ეს სამომავლო საკითხია და ჩვენ წინასწარ ვერ ვიმსჯელებთ. რაც შეეხება რეაბილიტაციას იგი უკვე ტენდერზე გავიტანეთ და მოსწავლეები, რომლებიც აღნიშნულ სკოლაში სწავლობენ, შაბათის ხარჯზე ინაზღაურებენ იმ საათებს, რომლებიც რეაბილიტაციის დროს უნდა გაუცდეთ. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ბათუმის საგამოცდო ცენტრში შეეძლებათ“. განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.

Comments
Loading...