- Advertisement -

წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ინკლუზიური ცენტრის დაარსებიდან ორი წლის გასვლა მმართველის ნინო ნემსიწვერიძის ორგანიზებით ბენეფიციარებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელ კონსტანტინე მამისეიშვილთან ერთად აღნიშნეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სწორედ კონსტანტინე მამისეიშვილის უშუალო ძალისხმევითა და ინიციატივით 2015 წლის სექტემბერში წყალტუბოში გაიხსნა განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის დაწესებულება, რომლის გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ აღსაზრდელების საზოგადოებასთან ინტეგრირებისა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.  

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ვიდეო- რგოლი, რომელიც ასახავს ორი წლის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს, ღონისძიებებსა და საქველმოქმედო აქციებს .

 ,,ამ პერიოდში ცენტრში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, ბავშვები ჩართულები იყვნენ ქალაქის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კულტურულ აქტიობასა და საქველმოქმედო აქციაში. ,,მზის შვილები’’ ჩვენს თვალწინ გახდნენ კიდევ უფრო თბილები, კომუნიკაბელურები, კეთილშობილები, რაც მთავარია, ისინი ასმაგად გვიბრუნებენ მზრუნველობით მიღებულ სითბოსა და დადებით ენერგიას, რაც ბუნებრივია, გვიქმნის პოზიტიურ განწყობას, გვაძლევს მეტ ძალასა და შემართებას, გვაქვს თვალსაჩინო შედეგებიც: მაგალითად ცენტრის აღსაზრდელს ამირან ქაჯაიას აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი, მისმა შესრულებულმა ნამუშევრებმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, დღეს ერთი ნახატი ამირანმა გამგებელსაც უსახსოვრა, ხოლო ზოსიმე გუბელაძეს სურვილი აქვს მომავალი წლიდან თავად იზრუნოს თანატოლებზე, ჩვენ ვგეგმავთ მის დასაქმებას, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც უფრთხილდება და ზრუნავს ჩვენს ბენეფიციარებზე- აღნიშნა ა(ა)ი.პ წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის მმართველმა ნინო ნემსიწვერიძემ.

ცენტრის აღსაზრდელებსა და ხელმძღვანელს, ასევე პედაგოგებსა და მშობლებს წარმატებები უსურვეს -საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარემ ჯემალ ფანცხავამ, წყალტუბოელმა ღვაწლმოსილმა მედიკოსებმა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურების უფროსებმა.

,,წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ დაარსება – ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პრიორიტეტია, აქ მყოფი ბავშვებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბევრი რამ გაკეთდა, მომავალშიც აუცილებელია დაწესებულების ფუნქციურად მეტი დატვირთვა, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ დღეს ჩვენს ქალაქში მაღალი სტანდარტის, სანიმუშო ცენტრი ფუნქციონირებს, შექმნილია ყველა პირობა ბენეფიციარების სიმშვიდისა და მათ შორის გულისხმიერი დამოკიდებულებების, ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად.- განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

ამჟამად ინკლუზიური ცენტრი ემსახურება 15 ბენეფიციარს (ცერებრალური დამბლა, აუტისტური სპექტრი, დაუნის სინდრომი) , აქ 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ექვს საათს ატარებენ, უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, მუშაობენ სპეციალური განათლების პედაგოგები, ფსიქოლოგი, მეტყველების სპეციალისტი, ცენტრი აღიჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით.

Comments
Loading...