- Advertisement -

წყალტუბოში სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილე მასშტაბურად და გრანდიოზულად აღინიშნა

სპეციალურად ამ დღისთვის აქ გერმანიის ქალაქ მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიური ორკესტრი ჩამოვიდა. უცხოელმა მუსიკოსებმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად კლასიკური მუსიკის შედევრები შეასრულეს. კლასიკური მუსიკის საღამო თბილისის კონსერვატორიის პროფესორის გიორგი ქობულაშვილის, მეცენატის, ქველმოქმედის, ბავარიასა და ბადენ-ვუტენბერგში საქართველოს საპატიო კონსულის ნიკოლაუს ჰიპის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო.

:წყალტუბოში სპეციალურად იუბილესთვის ჩამოვედით, მე ყველგან ვამბობ, რომ საქართველო არის ევროპა, აქ არიან არაჩვეულებრივად ნიჭიერი ახალგაზრდები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი მხარდაჭერისთვის’’- განაცხადა მსოფლიოში ცნობილმა მეცენატმა და ქველმოქმედმა კლაუს ჰიპმა.

'წყალტუბო ჩემთვის აღმოჩენაა, უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ სამუსიკო სკოლასთან, რომლის მიღწევები, აკადემიური დონე, შრომისმოყვარეობა სამაგალითოა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ამ უნიჭიერს ახალგაზრდებსა და პედაგოგებს დავეხმაროთ’’- აღნიშნა თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა გიორგი ქობულაშვილმა.

კონცერტზე კომპოზიტორების: მოცარტის, შუბერტის, ჰაიდნის, ბახის, ბალანჩივაძის ცნობილი ნაწარმოებების შესრულების შემდეგ წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ევროპის ჰიმნი იმღერეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელინმა საპატიო სტუმრებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მიუნჰენის სახელმწიფო მოხელეთა სიმფონიურ ორკესტრს, სამუსიკო სკოლის მენეჯერმა მარინა კვერნაძემ ფერწერული ტილო უსახსოვრა.

Comments
Loading...