- Advertisement -

წყალტუბოში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

წყალტუბოში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო, გაიმართა სანახაობრივად ლამაზი, შთამბეჭდავი და მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც ამაღლებული წინასაახალწლო განწყობა შექმნა. თანაქალაქელებსა და სრულიად საქართველოს ახალი 2018 წლის შემობრძანება ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მიულოცეს. ტრადიციულად, ანსამბლმა "ნადურმა" მრავალჟამიერი შეასრულა. გაიმართა საახალწლო კონცერტი, რომელშიც საესტრადო მუსიკალური სტუდიების: "ოცნების", "ცისარტყელას", ქუთაისის სახელოვნებო სკოლისა და მაღლაკის კულტურის სახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. 

"უპირველეს ყოვლისა ყველა წყალტუბოელსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ შობა- ახალი წლის დღესასწაულს, რომლის აღნიშვნა ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად უკავშირდება იმედს, სიახლეს, უკეთესი მომავლის რწმენას. დღესასწაულს, როცა სიუხვე, ბარაქა, შრომა და ლხინი ერთიანდება, მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი მიღწევები, მონაპოვარი, გაკეთებული საქმეები ჯამდება, სითბოს და სიხარულის ურთიერთგაზიარების ჟამი დგება და მომავლის გეგმებიც ისახება. მიხარია, რომ წელს ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია, მადლობა ყველას, ვინც შრომა და მონდომება არ დაიშურა და შეეცადა გამხდარიყო წყალტუბო უფრო ფერადი და განათებული. მჯერა, რომ 2018 წელს ერთად შევძლებთ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებასა და საუკეთესო წამოწყების დაგვირგვინებას. გისურვებთ, სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს, რაც ყველას ძალიან გვჭირდება. – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
წინასაახალწლო კონცერტზე წყალტუბოელებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვებით მიმართეს და ახალი წელი მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა, მოადგილემ პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა. სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა კონკურსის: -,,ყველაზე მანათობელი კომპოზიციის’’ გამარჯვებულები: ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება’’ (პირველი ადგილი), ა(ა) ი.პ წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრი(მეორე ადგილი) და ქალაქის #2 საჯარო სკოლა(მესამე ადგილი). გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

"წინასაახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულად დაიგეგმა, დღესასწაულად ვაქციეთ ნაძვის ხის მორთვაც, რომელშიც მთელი ქალაქი იყო ჩართული. განსაკუთრებით იაქტიურეს სკოლებმა, ბაღებმა, ახალგაზრდებმა. ჩვენი ორგანიზებით, წელს პირველად მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა და მანათობელი კომპოზიციების კონკურსი. ნაძვის ხის ანთებამდე გალამაზდა და ხალხმრავალი გახდა ცენტრალური პარკის ტერიტორია, წინასაახალწლო კონცერტში ჩაერთნენ საესტრადო სტუდიები. მადლობა კულტურის სფეროს ყველა თანამშრომელს, ა(ა)ი.პ წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის წარმომადგენლებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის", – განაცხადა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა. 

წყალტუბოში საახალწლო ღონისძიებები ძველით ახალ წლამდე გრძელდება. 1 იანვარს, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება. აქ მოსული ყველა ბავშვი ტკბილეულით დასაჩუქრდება. კონცერტები ჩატარდება 2 და 7 იანვარს. ახალი წლის დღეებში ბავშვებს თოჯინების თეატრი უმასპინძლებს.

Comments
Loading...