ხარაგაულის მერიამ 8 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის შესაძენი თანხა ჩაურიცხა რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 5 მარტი, 2021 39 ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს: “ბევრი ვიფიქრეთ, შეიძლება ვინმე გამოყო და დედის დღე განსაკუთრებულად მიულოცო? ალბათ – არა. ყველა დედა უკვე განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მრავალშვილიანი დედა გმირია! დიახ, ზუსტად გმირობაა 40 წლის ასაკში გყავდეს 8 შვილი და თან ამბობდე, რომ – კიდევ გეყოლება! დედის დღე და სოფელ ბაბში მოსახლეობასთან შეხვედრა ერთმანეთს დაემთხვა. ზუსტად ამ სოფელში ცხოვრობს გივი სხილაძის და ხათუნა ბუაჩიძის მრავალშვილიანი ოჯახი. ხათუნა მუნიციპალიტეტში ყველაზე ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედაა, რომელსაც 8 შვილი ჰყავს. ჩვენ წლებია გვაქვს ურთიერთობა მათთან, მაგრამ ხარაგაულის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მივსულიყავით, და განსაკუთრებული ყურადღება გამოგვეჩინა. კარგი იქნება აღვნიშნოთ, რომ სწორედ ბატონი კობას ინიციატივით, ახალგაზრდა მრავალშვილიან ოჯახს, საცხოვრებელი სახლის შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩაერიცხა. ამასთანავე, ოჯახი სარგებლობს ყველა იმ სოციალური პროგრამით რაც გაწერილია მერიაში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ხათუნას დედის დღეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და შვილების კარგად ყოფნას. ასევე, მინდა გაზაფხულის პირველი დღესასწაული – დედის დღე მივულოცო ყველა დედას, განსაკუთრებით კი, ხარაგაულში მცხოვრებ დედებს. ბედნიერებას, სიხარულს და დღეგრძელობას გისურვებთ!“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი”