- Advertisement -

ხარაგაული ლატვიის სახალხო თეატრს მასპინძლობს

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, 28 წლის მეგობრებს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრს მასპინძლობს.ხარაგაულში სტუმრების პატივსაცემად ღონისძიებები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ვიზიტის პირველ დღეს ლატვიის თეატრის დასს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე შეხვდა, რომელმაც ორ ერს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა. არჩილ მაღრაძემ ლატვიელ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, ლატვიელებმა მერის მოადგილეს ტრადიციული სუვენირები გადასცეს და ლიმბაჟში ოფიციალურად მიიწვიეს. 

საზეიმო დახვედრა მოუწყო დასს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა. კინოთეატრში შესრულდა ქართული და ლატვიური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. 

იმავე დღეს ლატვიელ სტუმრებს უმასპინძლა ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა, იქამდე კი, მათ პატივსაცემად ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) სპექტაკლი „ორნი“ ითამაშა. 

საღამოს ღია, თავისუფალ სივრცეში ხარაგაულელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელიც როგორც სტუმრებისთვის ასევე, ადგილობრივებისთვის ძალიან სასიამოვნოდ და საინტერესოდ წარიმართა. იქვე მოეწყო გამოფენა ხარაგაულელი, ნანა კიკნაძის ნამუშევრების, რამაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ლიმბაჟის თეატრი, დღეს, ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლს -„ჩარლის ნათლია“ გამართავს.
სპექტაკლი კინოთეატრში 18:00 დაიწყება.

მანამდე კი, ლიმბაჟის თეატრის დასისთვის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში კონცერტი ჩატარდება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

Comments
Loading...