ხელისუფლების წარმომადგენლები ქობულეთში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 6 ივნისი, 2018 141 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა ნაკაიძესთან და გიორგი რომანაძესთან ერთად კარიერისა და გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მთავრობის თავმჯდომარეს ქობულეთის მერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. „დასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისათვის. კარიერსა და გელაურში ათწლეულების მანძილზე ინფრასტრუქტურა გაუმართავი იყო. მოუწესრიგებელი ქუჩები გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ასევე აფერხებდა დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას. უბნების სარეაბილიტაციო პროექტების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება განხორციელდეს სხვადასხვა სახის ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს როგორც უბნების განვითარებას, ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების წარმოქმნას“- აღნიშნა მირიან ქათამაძემ შეხვედრისას. პროექტის ფარგლებში კარიერსა და გელაურში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ხოლო ამ ეტაპისთვის ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილების დაგება მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 568 965 ლარი დაიხარჯება. დასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო. უბნის კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება.