- Advertisement -

ხულოში თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის “ზვავი”-ს პრემიერა გაიმართა

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის „ზვავი“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის ჩვენება საერთაშორისო თეატრალური პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პიესა მთაში მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს. რეალური ცხოვრება, რეალური პრობლემა და რეალური შიში – ეს ყველაფერი ერთმოქმედებიანი პიესის სახით ადგილობრივმა მსახიობებმა წარმოადგინეს.

თუნჯერ ჯუჯენოღლუ მსოფლიოში ცნობილი დრამატურგი და მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. ის თავად ჩამოვიდა საქართველოში და ხულოში სარეპეტიციო პროცესებს და სპექტაკლის ჩვენებას დაესწრო.

სპექტაკლს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძემ მობრძანებულ სტუმრებსა და მსახიობებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში სპექტაკლზე, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ხუთი რეჟისორი მუშაობდა – ირაკლი გოგია (საქართველო), ოთარ ქათამაძე – (საქართველო), მაქსიმ კოზოლუპი (უკრაინა), ირადა გოზალოვა (აზერბაიჯანი), რომან შიდლოვსკი (ბელორუსია). სპექტალზე აგრეთვე მუშაობდნენ მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი და მოწვეული მსახიობი – გვანცა ბეშქენაძე.

პროექტი ხულოს სახელმწიფო დრამატული და თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრების ორგანიზებით განხორციელდა.

Comments
Loading...