- Advertisement -

ხულოში 1000-მდე საჯარო მოხელეს საბიუჯეტო დეფიციტის გამო ანაზღაურება არ მიუღია

თებერვლის სახელფასო დავალიანება ოპოზიციის მტკიცებით საპრეზიდენტო არჩევნებზე საბიუჯეტო ხარჯების გამოყენებამ და არამიზნობრივმა ხარჯვამ გამოიწვია.

ხულოს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ჯორთმენაძე აცხადებს, რომ მერია ფინანსური დავალიანების დასაფარად კერძო საბანკო დავალიანების აღებას გეგმავს, რაც შემდეგ უფრო გაართულებს მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის მდგომარეობას. დეპუტატის განცხადებით ხულოში 90- იანი წლების ე.წ. ნისიების რვეული დაბრუნდა, საჯარო მოხელეები კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან, საბავშვო ბაღები კი საკვებ პროდუქტებს ვერ ყიდულობენ:

“2004 წლის შემდეგ პირველად, დაფიქსირდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ვერ გასცემს ხელფასებს! უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 აიპის, 1 სსიპის, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაახლოებით 980 თანამშრომელს თებერვლის თვის ხელფასები ჯერ კიდევ არ მიუღიათ, საბავშვო ბაღებში პროდუქტს ვერ ყიდულობენ. ისედაც მცირე ხელფასებზე დასაქმებული ადამიანები ვერ იხდიან საბანკო სესხებს, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო ზოგიერთ ოჯახს გამოურთეს ელ. ენერგია, და ენერგო პრო ჯორჯია დავალიანების წარმოქმნის გამო წინსწრებით ითხოვს ერთი თვის საშუალო გადასახადის ერთი წლით დატოვებას, აღარ ვსაუბრობ იმაზე რომ პროდუქტების შესაძნეად დაბრუნდა 90-იანი წლების ეგრეთწოდებული ნისიების რვეული.

ამას ემატება ისიც, რომ 15 წლიანი ინტერვალის განმავლობაში პირველად ადგილობრივი ხელისუფლება კომერციული ბანკიდან აპირებს მილიონ ნახევრიანი კრედიტის აღებას ხელფასების დავალიანების გასასტუმრებლად, რომელიც შემდგომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით უნდა დაიფაროს წლების განმავლობაში.

აღნიშნული პრობლელები წარმოიშვა ერთი მხრივ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამო რაც დაფიქსირებულია აუდიტის დასკვნაშიც, ამავე დროს გასულ წელს არჩევნებზე ხელისუფლებამ საბიუჯეტო თანხები გამოიყენა ქართული ოცნების კანდიდატის მხარდასაჭერად.

მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს შეისწავლოს ხულოს მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო თანხების მიზნობრივად ხარჯვის საკითხი, რადგან გასულ წელს არჩევნების გამო უმოწყალოდ და უკანონოდ დაიხარჯა საბიუჯეტო თანხები,”- განცხადებს ირაკლი ჯორთმენაძე.

საბიუჯეტო დეფიციტს არ უარყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ვახტანგ ბერიძის განცხადებით, სახელფასო დავალიანებას მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტის დახმარებით დღის ბოლომდე დაფარავს. რაიონის პირველი პირი ფინანსურ პრობლემებს ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს უკავშირებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას უარყოფს.

“ხელფასები თვის ბოლომდე გაიცემა. ტექნიკური ხარვეზი იყო და ხელფასის გაცემა ამიტომ შეფერხდა, რაც შეეხება თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ბიუჯეტი და ამ ბრალდებას ვერ მივიღებთ. ახალი წესის მიხედვით, გათანაბრებულ ტრანსფერს ვერ ვღებულობთ აქედან გამომდინარე “დღგ”-ს გადასახადების შემოსვლა მუნიციპალიტეტში არასაკმარისი დარჩა ამ ეტაპზე, ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ფინანსურად გვეხმარება. ხელფასების გაცემა დღის ბოლომდე მოხდება. არანაირი თახის აღება არ მოხდება კერძო ბანკებიდან. სრული სიცრუეა თითქოს არჩევნებზე ბიუჯეტიდან თანხები დაიხარჯა. ხელფასები 20 თებერვლიდან გაიცემა და კონკრეტული თარიღი არ არის”,- აცხადებს ვახტანგ ბერიძე.

Comments
Loading...