- Advertisement -

10 წლის წინ რუსულმა ბომბდამშენებმა ფოთი დაბომბეს

"გვახსოვდეს 8 აგვისტო“,ამ სახელწოდებით ფოთში აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოინახულეს, სანთლები დაანთეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ათი წლის წინ, რუსული ბომდამშენების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს ფოთი დაიბომბა. დაიღუპა 12 ადამიანი,ხოლო 80-ზე მეტი დაიჭრა.

12 აგვისტოს რუსულმა არმიამ ფოთის ოკუპაცია მოახდინა.რუსებმა ქალაქში 2 პოსტი გახსნეს – ნაბადის ტერიტორიაზე და წყალგამყოფ ხიდთან. 9 სექტემბერს, მედვედევი-სარკოზის 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმების მიხედვით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ფოთი დატოვეს. "ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის უმძიმესი ტრაგედია, აქედან გამომდინარე არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ იმ ადამიანების სახელი და გვარები, ვინც სიცოცხლე გაიღო საკუთარი სამშობლოს ერთიანობისა და სიმტკიცისათვის.

7 აგვისტოს ღამით დაიბომბა ქალაქ ფოთის სანავსადგურო ტერიტორია, რომელსაც შეეწირნენ ჩვენი თანაქალაქელები, ისინი ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უახლესი ისტორიის გმირები არიან, შესაბამისად 8 აგვისტოს მემორიალთან ახალგაზრდებმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა კურდღელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მივაგეთ დაღუპულთა სულებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მათი გმირული მსხვერპლისადმი ჩვენი მოკრძალებული პატივისცემა. მათი მსხვერპლი მომავალი თაობებისთვის სამშობლოს სიყვარულის დაუვიწყარი მაგალითია"- განაცხადა "ქართული ოცნების" ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ კვინჩიამ.

Comments
Loading...