- Advertisement -

100 სტუდენტი მაღალმთიანი აჭარიდან ჩინეთში გაემგზავრება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზნით ბათუმის უნივერსიტეტში მყოფ ჩინეთის დელეგაციის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტები და გაცვლითი პროგრამები განიხილეს. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლებლად 100 სტუდენტის გამგზავრება დაიგეგმა. „მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება.

ჩანგშას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ჩვენს რეგიონს და ქვეყანას სჭირდება” – აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა. თანამშრომლობის მემორანდუმს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა დავით ებრალიძემ და ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ფუ ჰანგუანიმ მოაწერეს ხელი. მხარეთა შეთანხმებით, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.

Comments
Loading...