- Advertisement -

ხევი, რომელიც სიღნაღის სოფელ ანაგას ორ ნაწილად ჰყოფს, წლებია სტიქიურ ნაგავსაყრელად არის ქცეული

ხევი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგას ორ ნაწილად ჰყოფს, წლებია სტიქიურ ნაგავსაყრელად არის ქცეული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნკერები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე, დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩატანა ყოველდღიურად ძალიან უჭირთ.

“დაღლილი მოვედი სამსახურიდან, უნდა წავიღო და გადავყარო ნაგავი, ურნები რომ არ დგას,იძულებული ვარ ხევზე გადავყარო. ნაგვის ურნები ორი კილომეტრის დაშორებით სოფლის ბირჟაზე დგას მხოლოდ და ამ დაღლილმა როგორ ვათრიო ნაგავი იქამდე. დაგვიდგან ურნები, რომ ამოვიდეს ხოლმე მანქანა და წაიღოს ნაგავი”- განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას ადგილობრივმა, დალი ალადაშვილმა.

ანაგელების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულში, როდესაც ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს უსიამოვნო სუნიც და იზრდება ინფექციების გავრცელების რისკი.

“აქვე ახლოს ცხოვრობს მოსახლეობა, არის საბავშვო ბაღი, წარმოიდგინეთ რა ხდება ზაფხულში. საშინელებაა ქარიც, ქარს მოსახლეობის გადაყრილი ნაგავი ისევ სახლებში მიაქვს. სიღნაღის მუნიციპალიტის სახელით ვიცე მერი აცხადებს, რომ საკმარისი რაოდენობით დგას ურნები სოფლებში და მოსახლეობა მაინც ხევში ჰყრის ნაჩენებსო. ზღვარს გადასულ უპასუხისმგებლობას და თვალში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ორიოდე ურნა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალზე ე.წ აბრეშუმის გზის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მონაკვეთზე დგას და დასახლებული პუნქტები ნაგავს მიაქვს. პრობლემის მოსაგვარებლად სულ 6-7 ურნის დადგმაა საჭირო და მერე თუ ვინმე კიდევ დაჰყრის ნაგავს პირველი მე ვიქნები ვინც უმკაცრესი ზომების გატარებას მოითხოვს”,- აღნიშნა ანაგის მკვიდრმა, ნინო გოგოლაშვილმა.

მოსახლეობის პრობლემის საპასუხოდ სიღნაღის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში და მათ შორის ანაგაშიც, დაგეგმილია ნარჩენების კონტეინერების დამატება.

“აღნიშნული სტიქიური ნაგავსაყრელი დაახლოებით სამოცდაათ წელს ითვლის. მერიამ 2017 წელს შეიძინა ორი ერთეული მერსედესის ტიპის თვითმცლელი, ასევე, მყარი ნარჩენების 500 ცალი კონტეინერი, რომლებიც სოფლებში განთავსდა. მერიის კომუნალური სამსახურის მიერ სისტემატიურად დადგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება სოფლებიდან ნარჩენების გატანა.

წელსაც ვგეგმავთ სოფლებში დამატებით კონტეინერების შეტანას, მათ შორის ანაგაში, სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხიდან დაგეგმილია აღნიშნული ნაგავსაყრელის გაუქმება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ანაგაში დასახლებულ ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს კონტეინერი დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე დგას და არა 2 კილომეტრის, ასევე თხოვნა მაქვს მოსახლეობასთან ნაგავს საკუთარ სახლებთან ხევში კი ნუ დაყრიან, თუ კონტეინერი სავსეა, შეკრული დაალაგონ მის გვერდით და მანქანა აუცილებლად გაიტანს ნაგავს”,- განუცხადა “აიპრესს” სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

Comments
Loading...