- Advertisement -

2019 წელს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს

2019 წელს დაგეგმილ და დასასრულებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გამართულ პრეზენტაციაზე.

“ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს სწორედ წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მოწესრიგებაა საქართველოს რეგიონებში და ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი არის 30% -ით გაზრდილი”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დაასახელა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები, ასევე ქუთაისის, ჯვარის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

2019 წელს წყალმომარაგების სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება. ყველა ზემოჩამოთვლილი პროექტის განხორციელების შედეგად, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

,,აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა, პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე განმარტებით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით. იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში.
ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა გურიისა და თელავის წყალმომარაგების პროექტები – ,,წელს იწყება გურიის სოფლების ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც მათ წლების განმავლობაში აწუხებს მოუგვარდება. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი“.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემების შესახებ. კერძოდ, გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

Comments
Loading...