- Advertisement -

2019 წლისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები უცვლელი იქნება

აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413,000 (+4,2%) ლარით გაიზარდოს. 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 10, 177, 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წელს, დეპარტამენტის ბიუჯეტი 9, 764 800 ლარს შეადგენს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის საშუალოვადიანი გეგმისა და პრიორიტეტების განხილვა დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში დღეს გაიმართა. შეხვედრას ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

2019 წლისთვის, აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებში 7, 270, 000 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 550,000 ლარით (+8,2%) იგეგმება. აქედან, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 6, 770, 000 ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.
დეპარტამენტი 2019 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 323 000 ლარს დახარჯავს. შემდეგ წელს გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2019“. აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 2019 წელს, ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე.
2019 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 170, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
დეპარტამენტი 2019 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 577, 500 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს ზაფხულის ფესტივალს, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალებს, ასევე ორგანიზებას გაუწევს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას. სააგენტო შემდეგ წელსაც გააგრძელებს ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარებას, ასევე გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტურებს მთიან აჭარაში. 

Comments
Loading...