- Advertisement -

21 აპრილს ქალთა ფოლკლორული ანსამბლი “ნანინა” კასპში კონცერტს გამართავს

21 აპრილს 18:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინა“ კასპის კულტურის ცენტრის დარბაზში კონცერტს გამართავს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

ანსამბლი "ნანინა" 2003 წელს შეიქმნა და მან, ერთ-ერთმა პირველმა მიჰყო ხელი ქართველ ქალთა ტრადიციული რეპერტუარის შესრულებას. მისი ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების კოორდინატორი თეა კასაბური. 

"ნანინას" თითქმის ყველა წევრი პროფესიით ეთნომუსიკოლოგია. ისინი ექსპედიციებში იწერენ და უშუალოდ ეთნოფორთაგან შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს, ფერხულებსა და დასაკრავებს, არქივებში ეძებენ და აცოცხლებენ ქართველ ქალთა ტრადიციული შემოქმედების უნიკალურ ნიმუშებს. ამავდროულად, ეწევიან სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა თუ სამუსიკო სკოლა-სტუდიაში, გალობენ ტაძრებში.

"ნანინას" აქვს ორი აუდიოალბომი (2008 და 2016), გამართული აქვს ოცამდე სოლო კონცერტი საქართველოსა და საზღვარგარეთ, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, საქველმოქმედო ღონისძიებებში, ფოლკლორულ საღამოებსა და კონცერტებში, სახალხო დღესასწაულებში, რადიო და ტელეპროექტებში… `ნანინამ~ 2014 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა აჭარაში – ბათუმსა და ქედაში.

ანსამბლის რეპერტუარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს. `ნანინელები~ მღერიან, ცეკვავენ აბამენ ფერხულს, უკრავენ საკრავებზე – ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭუნირი, გარმონი, დაირა, გიტარა. ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედებითი პრინციპი ხალხური საშემსრულებლო მანერისა და ფორმის დაცვა და კუთხური კილოკავის შენარჩუნება-გათავისებაა. მათი კონცერტები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, უშუალობით, სისადავით, ხალისითა და სანახაობრიობით.
ანსამბლი 2015-2016 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პრიზიორია.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ექვსი თბილისური ანსამბლი -ადილეი ანჩისხატი დიდგორი იალონი ნანინა შავნაბადა – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
 

Comments
Loading...