- Advertisement -

22 ივლისიდან, სენაკის კულტურულ ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო

ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, სრულად რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი – აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი, თანამედროვე ფრანგი მწერლის, ერიკ ემანუელ შმიტის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით ,,სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“, გაიხსნა.

სპექტაკლში, რომლის რეჟისორია გიორგი თავაძე, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა, საპატიო სენაკელებმა – ნანა ფაჩუაშვილმა და მურმან ჯინორიამ, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის მსახიობმა თამარ აბშილავამ, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის მსახიობმა ჯანო იზორიამ და სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობმა მარიამ კალატოზიშვილმა გადმოსცეს სასტუმრო, როგორც – მისტიური ადგილი, სადაც ადამიანებს ზღვრულ სიტუაციაში საკუთარი თავის შეცნობის საშუალება ეძლევათ. ამ ორგინალური ფსიქოლოგიური სპექტაკლით სენაკში თეატრის 140-ე სეზონი გაიხსნა.

ისტორიული თეატრის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილეები – დავით კუხალეიშვილო, დავით ვერავა, ლუდუკი ხასია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის, ხელოვნების სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიალზე საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწემ, დრამატურგმა გურამ ბათიაშვილმა, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, აკაკი ხორავას სახელობის პრემია გადაეცათ ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, მურმან ჯინორიას და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის უხუცეს მსახიობს, გაბრიელ მდინარაძეს.

გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლევან როხვაძეს.

,,ამაგდარის“ წოდება მიენიჭათ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს – გიორგი (ჟორა) დამენიას, გულნარა ლოხიშვილს, თენგიზ თოფურიძეს, ტექნიკურ რეჟისორს – მაია ფირცხელავას; სალომე ყანჩელის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ თამარ აბშილავას.

23 და 24 ივლისს, განახლებული თეატრი, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

ქალაქის სავიზიტო ბარათის და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის რეკონსტრუქცია „ქართუ” ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა; ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია; რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა; დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.

თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს არ ჩატარებულა.

Comments
Loading...