- Advertisement -

28 მაისს ხობში საპატრიარქო რეზიდენციის კურთხევიდან 5 წელს აღნიშნავენ

28 მაისს „ხობის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის“ კურთხევიდან 5 წლისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართება. 

სადღესასწაულო მსახურებები ორ ნაწილად დაიყო: 1.საღმრთო ლიტურგია – 00:00 სთ (27 მაისიდან ღამის 3 საათამდე), რომელსაც მეუფე გრიგოლთან ერთად მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლები აღავლენენ. 2.სამადლობელი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი 12:00 სთ (28 მაისი). უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით, 28 მაისის კომპლექსის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საგანგებოდ დაიწერა ორი ახალი ხატი: პატრიარქის საჩუქარი – „ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი“ (ხატმწერი რევაზ კოშკაძე). მეორე ხატი ქტიტორის საჩუქარი – “კიევ–პეჩორის ლავრის წმინდა ღირს მამათა ერთიანი ხატი (სულ 100 წმინდანი)“. 

დელეგაცია ჩამოაბრძანებს ლუსკუმაში მოთავსებულ 5 წმინდანის წმინდა ნაწილებს, რომელსაც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადასცემს. ხობის ამ საეკლესიო კომპლექსში უკვე დავანებულია კიევ-პეჩორის ლავრის ღირს მამათა (83 წმინდანის) წმინდა ნაწილები. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაიწერა წიგნი "აქედან საქართველო ილოცება",ახალი ხატების ერთიანი ასლები და კიევ-პეჩორის ლავრის ღირს მამათა საინფორმაციო ბროშურები. ყოველივე მომლოცველთათვის უსასყიდლოდ დარიგდება. ხობის ეს საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია 2006 წელს ბზობის დღესასწაულზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აკურთხა. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი – ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშია. ქტიტორი და მეურვე – გოდერძი ბუკია.

Comments
Loading...