- Advertisement -

29 სექტემბერს მარნეულში ქართული ღვინის კვირეული გაიხსნება

ხვალ, 29 სექტემბერს 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში იხსნება ღვინის კვირეული სახელწოდებით – „მარნეული- ვაზის აკვანი“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები წარმოუდგენენ საკუთარ პროდუქციას,- ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

ქართული ღვინის კვირეული მარნეულში დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით:

ღია ცის ქვეშ, ჩატარდება 7 წუთიანი ლექცია – პრეზენტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი წიპწებისა და საღვინე ჭურჭლის შესახებ (მომხსენებელი ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი მინდია ჯალაბაძე).

საზეიმოდ დაიწურება ყურძენი საწნახელში, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულის სიმღერის „საწნახლური“-ს თანხლებით.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა, ასევე გაიმართება ქართული ჭიდაობის ტურნირი.

ღვინის კვირეულის გახსნის ცერემონიალს, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
 

Comments
Loading...