- Advertisement -

5 მაისს მცხეთაში ფოლკლორული ანსამბლის “ადილეის” კონცერტი გაიმართება

5 მაისს მცხეთის კულტურის ცენტრში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლის – ,,ადილეის“ – კონცერტი. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

"ადილეი" ჩამოყალიბდა 2012 წელს. ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, იმპროვიზაციითა და ინდივიდუალობით. ერთად მღერის სურვილმა გააერთიანა ერთი სამეგობრო წრე. მათი მიზანი იყო: ჭეშმარიტი ფოლკლორული ნიმუშებისა და ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაცია, ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი სილაღის, სიხარულის, უშუალობის, სიხალასის მსმენელამდე მიტანა-გაზიარება.

"ადილეი" მსმენელის წინაშე პირველად 2014 წლის გაზაფხულზე წარდგა – ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში გამართულ მანანა შილაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე და იმთავითვე მსმენელთა და სპეციალისტთა აღიარება მოიპოვა.
"ადილეის" რეპერტუარის მთავარი წყარო საარქივო ჩანაწერებია. უპირატესი – გურული, აჭარული, მეგრული და იმერული სიმღერები… არა ზუსტი ასლები, არამედ გათავისებული, მორგებული, ახალსიცოცხლემინიჭებული საკუთარი – ადილეისეული ვარიანტები. საკრავები, რა თქმა უნდა, ტრადიციული: ჩონგური, დოლი, ფანდური…

ანსამბლი მონაწილეობდა არაერთ კულტურულ ღონისძიებასა და საქველმოქმედო კონცერტში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში. გასტროლებით მოიარა იტალია და გერმანია.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ექვსი თბილისური ანსამბლი – „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს. 

თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

დასაწყისი 18:00 საათზე

Comments
Loading...