- Advertisement -

7 ოქტომბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, საზეიმოდ, 7 ოქტომბერს გაიხსნება, ახალი თაობის გამოჩენილი პიანისტის ლუკაშ ვონდრაჩეკისა და საერთაშორისო საფესტივალო ორკესტის კონცერტით, რომელსაც არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

15 ოქტომბრამდე ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი გაიმართება, რომელთაგან 5 – თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხოლო ერთ კონცერტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. ფესტივალი #ChekInGeorgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

წელს, ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ფესტივალის დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავია. ამ თარიღის აღსანიშნავად, თელავის ფესტივალი წარმოგიდგენთ სხავადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტებს: ლუკაშ ვონდრაჩეკი – ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2016 წლის კონკურსის გრან-პრის მფლობელი; დანიელ ჩობანუ – 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი; მამიკონ ნახაპეტოვი – მარია იუდინას /2003/ სახელობის, ედვარდ გრიგის /2012/ და სხვა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი; ბორის ბერეზოვსკი – ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი. ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან გამოჩენილი შემსრულებლები: გიორგი ქობულაშვილი /ჰობოი/, დმიტრი პროკოფიევი /ჩელო/ და ჯაიუნ ლი /ვიოლინო/, დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, საქართველოს სინფონიეტა და საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილე. 12 ოქტომბერს, თელაველებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც კონსერვატორიამ სპეციალურად თელავისთვის შეადგინა. მსმენელის წინაშე წარდგებიან: ირმა გიგანი, გოგონათა სიმებიანი კვარტეტი, იოსებ ჯუღაშვილი, სიმებიანი კვარტეტი, მარიამ ლოლუა, ლიზი ვერხვიაშვილი და თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული).

კონცერტების პარალელურად, თეატრის ფოიეში მოეწყობა ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის ამსახველი საკონცერტო აფიშების გამოფენა, რომელთა შორის წარმოდგენილია ანასტასია ვირსალაძის კლასის კონცერტის აფიშები, დათარიღებული 1940-1950 წლებით.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი საკმაოდ დატვირთულია მასტერკლასებითაც. ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი, გიორგი ქობულაშვილი და დანიილ ავსტრიხი. მასტერკლასები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.

ქართველი პიანისტის – ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.

 

Comments
Loading...