- Advertisement -

გოლასკურში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის სინამდვილეში უპრეცედენტო პროექტი – გოლასკურის უბანში, 7,5 კმ. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი ს.ს. ,,არქეოპოლისის“ დამფუძნებელთან და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, დემურ გადელიასთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულებამ 2 364 841 ლარი შეადგინა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.

სამუშოები სს ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა.

გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა. გასულ წელს, ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე, პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციამდე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასევე გადაწყდა გოლასკურელთა წინაშე მდგარი გარე განათების ქსელის მოწყობის პრობლემა.

გოლასკურის ცენტრში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოეწყო დასასვენებელი პარკიც.

Comments
Loading...