- Advertisement -

მალხაზ რეხვიაშვილი: ჩემი გათავისუფლების ბრძანებაში პირდაპირ წერია, რომ თანამდებობას ვტოვებდი facebook პოსტის გამო

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საავტორო შემოქმედებითი გადაცემის „ჰეშთეგის“ წამყვანისა და რეპორტიორი მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან დირექტორის ბრძანებით გაათავისუფლეს. ამის შესახებ საზოგადოებას მან სოციალური ქსელის მეშვეობით თავად ამცნო და აღნიშნა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება facebook-ზე მაუწყებლის შესახებ საჯარო კრიტიკული პოსტის გამო მოხდა.

როგორც რეხვიაშვილმა “აიპრესთან” განმარტა, ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მოსვლის შემდეგ, მაუწყებელი სრულ აბსურდსა და გაუგებრობაშია. აბსურდის ნაწილად მიიჩნევს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებასაც.

-სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ტელევიზიიდან გაგათავისუფლეს ფეისბუქ პოსტის გამო. იყო თუ არა ნამდვილად პირდაპირი მინიშნება, რომ სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო ტოვებდით დაკავებულ პოზიციას?

ბრძანებაში პირდაპირ წერია სიტყვასიტყვით, „ფეისბუქ“ პოსტი, რომელიც მე მეწერა, შეიცავდა ცილისწამებას და მიმართული იყო მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ, რის გამოც მე მომეცა დრო რომ უარყოფა გამევრცელებინა. ბუნებრივია აბსურდს მთხოვდნენ და ეს უარყოფა არ გავავრცელე, პირიქით საჯარო წერილი დავწერე, სადაც გავაკრიტიკე. ამის შემდეგ ჩამბარდა ბრძანება, რომელშიც  წერია, რომ ჩემი ფეისბუქ  პოსტი  შეიცავდა ცილიწამებასა და დისკრედიტაციას და ამის გამო  გამათავისუფლეს სამსახურიდან.

-სამართლებრივ დავას თუ აპირებთ ამ საკითხზე?

რა თქმა უნდა, ვაპირებ სამართლებრივ დავას, როგორც ქართულ სამართლებრივ სივრცეში და თუ საჭირო გახდება ევროპულშიც.

-თუ შეგიძლიათ ზოგადი სიტუაცია შეაფასათ, რა ხდება ტელევიზიაში მაშ შემდეგ,  რაც ახალი დირექტორი გყავთ?

რაც ახალი დირექტორი გვყავს, შეგვიძლია ეს პერიოდი ორ ნაწილად გავყოთ- მისი აქ ყოფნა   კორონავირუსამდე, როცა საჯარო ყურადღება, როგორღაც მოვიზიდეთ და სხვანაირიად უწევდა მოქმედება, მეტი სიფრთხილითა და  მეტი წინდახედულებით და მეორე პერიოდი – ეს არის კორონავირუსის პერიოდი, როდესაც ყველა გადავერთეთ პანდემიაზე, ამ დროს კი,  დრო იხელთა  დირექტორმა და თუ რამე ცვლილება უნდა, ატარებს ძალიან თავისუფლად.

ვების მიმართულების ხელმძღვანელი, რომლის გაშვებაც კანონით არ შეეძლო, იმიტომ რომ კანონის ნორმა იყო იმპერატიული. ადგა, უფლებები შეუკვეცა და ფაქტობრივად,  უფუნქციოდ დატოვა სამსახურში. დღემდე არ იცის სოფო ჟღენტმა რა ფუნქცია მოვალეობები აქვს, სამუშაო აღწერილობა არ აქვს ჩაბარებული. შორენა ღლონტი გადაიყვანა მის კონსულტანტად ვების  მიმართულებით, მაგრამ ვებს აუკრძალა ნიუსის კეთება. თეონა თურმანიძე მოხსნა ეთერიდან სოფო ჟღენტის მხარდამჭერი პოსტის გამო და ერთი წლით აუკრძალა ეთერში გამოჩენა. თეონა თურმანიძის მხარდამჭერი პოსტის გამო მეც ტელევიზიიდან გამომიშვეს. აი, ასეთი სიტუცაია გვაქვს ტელევიზიაში, რომელსაც  არ ვიცი რა დავარქვა. აბსურდი  და გაუგებრობაა, რაც ხდება. ამის ერთი სიტყვით შეფასება, ფაქტობრივად შეუძლებელია.

გათავისუფლების ბრძანებაში, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილმა მოგვაწოდა, ვკითულობთ:

„სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ „საავტორო შემოქმედებითი გადაცემის სამსახურის“ საღამოს გადაცემის წამყვანის და რეპორტიორის მალხაზ რეხვიაშვილის 2020 წლის 21 აპრილს სოციალურ ქსელში (facebook), საკუთარ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ და რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მაუწყებლის რეპუტაციას.

2020 წლის 11 მაისს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის განვითარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე (N02-26/1050), ასევე საქმეში არსებული მასალების, გაკეთებული საჯარო განმარტების საფუძველზე, დადგინდა, რომ მ.რეხვიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომითი შინაგანაწესის პირობების აშკარა დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული დარღვევა სიმძიმის მიხედვით წარმოადგენს უხეშ დარღვევას. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ მაუწყებელს მიადგა არსებითი ზიანი.

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომითი კოდექსის“ 37-ე მუხლით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

ვხელმძღვანელობ რა აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით, საქართველოს ორგანული კანონის კანონის“საქართველოს შრომითი კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონით,სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შინაგანაწესის მე-16 მუხლის 16.1 ნაწილის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დებულების შესაბამისი ნორმებით მალხახ რეხვიაშვილი 2020 წლის 12 მაისიდან გათავისუფლდეს დაკავებული პოზიციიდან….

იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე დადგინა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის facebook პოსტი ცდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და იყო ცილისმწამებლური, „აიპრესი“ აჭარის ტელევიზიის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ემზარ პაქსაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მოგვაწოდა გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციის ასლი.

რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

„მ. რეხვიაშვილმა 2020 წლის 21 აპრილს სოციალურ ქსელში (facebook), საკუთარ გვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნა შემდეგი ინფორმაცია: „Teo Turmanidze მოხსნეს ეთერიდან სოცქსელში მაუწყებლის დისკრედიტაციის გამო. მაუწყებელში მოქმედი შიდა წესი სოცქსელში ქცევის შესახებ დაარღვიეო. დისკრედიტაციად აღიქვეს კრიტიკა. გასაგებია, რომ ამ მენეჯმენტს არ ყოფნის კვალიფიკაცია იცნობდეს ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა გამოხატვის თავისუფლებით იმდენადაა დაცული, რომ ჟურნალისტის ამგვარი ქმედება ვერ დარეგულირდება. ეს გასაგებია და ვიცოდით.

მაგრამ 20 აპრილს რომ მიიღებ წესს, იმ წესით 13-14 აპრილის ქმედებაზე რომ ვერ დასჯი ადამიანს, ეს ხო არ მოითხოვს ჰარვარდის დიპლომს. ეს მოითხოვს დაწყებით განათლებას.

ჰოდა ამაშია საქმე. ან დაწყებითი განათლება არ აქვს მენეჯმენტს, ან ფეხებზე კიდიათ სამართალი, იციან რა, რომ სასამართლოში საქმე გაიწელება და კორონავირუსის გამო საზოგადოება ყურადღებას ამ ქმედებებს ახლა ვერ მიაქცევს. სარგებლობენ მოკლედ.

მიდით, მოასწარით. გადაივლის პანდემია და მოიცლის ხალხი. ვის როდის შერჩენია მედიის კონტროლი, რომ თქვენ შეგრჩეთ?!“ ამავე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა 2020 წლის 23 აპრილს tv პირველის სატელევიზიო ეთერში, რომ მაუწყებელმა 14 აპრილს ჩადენილი ქმედებისთვის დასაჯა თანამშრომელი 20 აპრილს გასაჯაროვებული წესით.

რეხვიაშვილს ეცნობა, რომ აღნიშნული დისციპლინური სანქციის საფუძველს წარმოადგენდა ამავე თანამშრომელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება და არა მოგვიანებით გამოქვეყნებული დოკუმენტი „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ინტერნეტში.სოციალურ ქსელში ქცევის წესები“ და ეთხოვა, გაესწორებინა შეცდომა.

მ. რეხვიაშვილის ახსნა-განმარტების თანახმად, მან საჯარო განცხადებისას იხელმძღვანელა იმით, რომ შრომითი ხელშეკრულების შესაბამისი მუხლი დისციპლინური სანქციის საფუძვლად არ გამოდგება და რომ სწორედ გვიან მიღებული დოკუმენტია მაუწყებლის გადაწყვეტილების ერთადერთი ახსნა. წერილობით ახსნა-განმარტებაში რეხვიაშილი ასევე აცხადებს, რომ ეს იყო მხოლოდ მისი ვარაუდი, მაგრამ ფაქტი საპირისპიროზე მეტყველებს –  მ.რეხვიაშვილის საჯარო გაცხადებაში მინიშნებითაც არსად ჩანს, რომ ის, ამბის გადმოცემისას, რაიმეს ვარაუდობს, არსად ჩანს, რომ შრომითი ხელშეკრულების შესაბამისი მუხლი „მისი ვარაუდით“, „მისი აზრით“ დისციპლინარული სანქციის საფუძვლად არ გამოდგება, პირიქით იგი მტკიცებით ფორმაში გადმოსცემს და საზოგადოებას უტყუარ ფაქტად აცნობს, რომ დისციპლინარული სანქციის საფუძვლად უკვე გამოყენებულია გვიან გამოქვეყნებული დოკუმენტი, იგი აპელირებს არმომხდარ ფაქტზე, როგორც ნამდვილ ამბავზე, ხოლო შემდეგ დოკუმენტების თითქოსდა დროში აცდენას, რომელსაც რეალურად ადგილი არ ჰქონდა, იყენებს მთელი თავისი მსჯელობის საფუძვლად, დასკვნის გასაკეთებლად და მაუწყებლის რეპუტაციითვის ზიანის მისაყენებლად. მ.რეხვიაშვილის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი მტკიცება, რომ თითქოს მან ივარაუდა შრომითი ხელშეკრულების შესბამისი მუხლის სანქციის საფუძვლად გამოსადეგარობა, ლოგიკაში არ ჯდება. განცხადების ავტორს ასეთი რამ რომ ევარაუდა, მაშინ მაუწყებელის მხრიდან „შეუფერებელი“, არასწორი“, „გამოუსადეგარი“ ნორმის გამოყენებაზე მიუთითებდა და არა სულ სხვა, „დროში აცდენილი“ ნორმის გამოყენებაზე. მ.რეხვიაშვილი საჯარო განცხადებაში გვამცნობს, სანქციაშეფარდებულ თანამშრომელს უთხრეს, „ქცევის წესები დაარღვიეო“, ახსნა-განმარტებაში კი ამბობს, ვივარაუდე, ქცევის წესები სავარაუდოდ სანქციის ერთადერთი ახსნააო. ლოგიკა აქაც არ ჩანს. საჯარო განცხადების ინფორმაციულ ნაწილში რაიმე ვარაუდი არ იკითხება. საზოგადოება, რომელიც გაეცნო ამ განცხადებას, დოკუმენტების დროში აცდენის რეალურ ფაქტად აღიქვამს და განმცხადებლის რაიმე „ვარაუდს“ ვერ დაინახავს….“

Comments
Loading...