გორის მერიის მიერ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატ “ეტალონის” გამარჯვებულისთვის დაწესებულ ერთწლიან 100 ლარიან სტიპენდიას გორის მე -12 საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლე ზაზა აბისონაშვილი და მისი კლასის დამრიგებელი მიიღებენ.

ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა უმასპინძლა, მიღწეული წარმატება მიულოცა და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ,,გორის ეტალონ მოსწავლესთან ერთად“ ჩემპიონატის მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ასევე მე -12 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა იანი სტეფანიანმა და ნინი მაისურაძემ დაიკავეს. გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი 25 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მესამე ფინალური ეტაპი ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება. საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი ,,ეტალონი“ ყოველწლიურად იმართება. ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და წახალისებაა.