გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის გადამმუშავებელ საწარმოში „ქართული მანდარინი“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ.

აღინიშნა, რომ ციტრუსის გადამმუშავებელი საწარმო „ქართული მანდარინი“ 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსის ჩაბარებას შეძლებს, დაახარისხებს, მოახდენს პარაფინირებას და ევროსტანდარტების მიხედვით შეფუთავს. საწარმო, რომელში 50 ადგილობრივია დასაქმებული, მიმდინარე სეზონზე, 3000 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღებას გეგმავს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. 5 თეთრს საწარმო გადაიხდის; შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის მიღებას საწარმოები უახლოეს დღეებში დაიწყებენ.