"ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:  ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით,  თუ შევადარებთ ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ირლანდიის შემდეგ, მეორე  ადგილზეა, 2026 წლის პროგნოზით კი - პირველზე.  - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ  პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას.

ასევე, პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. თუ შევადარებთ ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-6, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, მთავრობის ვალის სიმცირით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-7 და კანდიდატ ქვეყნებში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებითაც წესრიგშია“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძემ  ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც. როგორც  კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მხრივ პრობლემა არსებობს, რის მიზეზებზეც ისაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს, თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

„შესაბამისი დავალებები გაცემულია და დასახულია პრობლემის მოგვარების გზები“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ. 

დღეს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის 2025 წლის შესრულების ანგარიში დაამტკიცა.