თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ქართველ კოლეგებთან, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შალვა კირთაძესთან ერთად, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) რექტორთა რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს.
თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს AUF-ის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრას მონაწილეებს შორის დისკუსიების გზით და ამასთანავე, AUF-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას და მულტილინგვისტური კავშირების ხელშეწყობას.
მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, სლოვაკეთის, მაკედონიის, კოსოვოს და სხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.